25 მარტს, 12:00 საათზე, სქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ფორუმი „დედაქალაქის ეკოლოგიური უსაფრთხოების დოქტრინა“.
ფორუმი საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ (ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი „დოქტრინას“) ორგანიზებით ჩატარდა. ფორუმზე განიხილეს თბილისის ეკოლოგიური საფრთხეები და მისი განეიტრალების სტრატეგიები, მეთოდები და პოლიტიკური კონცეპტები. წარმოდგენილი იქნა კონკრეტული რეკომენდაციები ხელისუფლებისათვის, სამოქალაქო და კერძო სექტორებისათვის. განსახილველ თემებს შორის იყო: „ჰაერის დაბინძურება და თბილისის ეკოლოგიური პრობლემები, მერების შეთანხმება“ , „მტკვარი და გარემო,“ განახლებადი ენერგეტიკა და მწვანე არქიტექტურა ,“ “ეკოლოგიურად სუფთა საკვებით უზრუნველყოფის პრობლემები”, “დასუფთავება და ნარჩენების უტილიზაცია. ” ფორუმში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო და არასამთავობო სექტორის წარმომადგენლებმა, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტები. ღონისძიებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანიაც დაესწრო. ფორუმის ფარგლებში დავით ნარმანიამ და ნარჩენების მართვის სახელმწიფო კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა დამსწრეებს სახელმწიფოს სამოქმედო გეგმა გააცნეს და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. შუხოშვილის განცხადებით, შემუშავებულია ნაგავსაყრელებისა და ნარჩენების დახარისხება-გადამუშავების სახელმწიფო გეგმა, რომლის მიხედვითაც ორგანული და არაორგანული საკვების დიფერენცია მოხდება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის უფროსი თენგიზ ჯალიაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ სახელმწიფომ განსაკუთრებით დიდი ყურადღება ბიოპროდუქტებს უნდა მიაქციოს და შხამ-ქიმიკატების შემცველი, არაჯანსაღი საკვების საბაჟო გადასახადი პროპორციულად გაიზარდოს. კომპანია „ელკანას“ წარმომადგენელმა თამაზ დუნდუამ იმპორტული საკვების სიჭარბე ქვეყნის ეკონომიკას დაუკავშირა. ექსპერტის განცხადებით, შეუძლებელია შორსმიმავალი ეკონომიკური პოლიტიკის წარმოება იმპორტისა და ადგილობრივი წარმოების გონივრული ურთიერთშეფარდების დარეგულირების გარეშე. ფორუმის დასასრულს დავით ნარმანიამ სამომავლო შეხვედრების სურვილი გამოთქვა და დასძინა, რომ დედაქალაქის ეკოლოგიური უსაფრთხოებისთვის ზრუნვის კუთხით დარგის ექსპერტებთან სამომავლო მჭიდრო მუშაობა აუცილებელია.
Comments are closed.