საჯარო ლექციების გახსნა დავითიანნში
სამშაბათს, 12 ნოემბერს დავითიანნის საჯარო ლექციები გახსნილად გამოცხადდა.
ჯერ კიდევ შარშან წამოწყებულ ამ საინტერესო პროექტში ჩართულია თბილისის 27 უნივერსიტეტი. საჯარო ლექციებს კოორდინირებს დავითიანნის ლექციების საორგანიზაციო ჯგუფი. ლექციები გადანაწილებულია ორ სემესტრზე. თითოეული მოიცავს ოთხ ლექციას. იმ ახალგაზრდებისათვის კი. რომლებიც სამ ლექციას დაესწრებიან განკუთვნილია სპეციალური სიგელი. “ამ პროექტის ძირითადი მიზანი ახალგაზრდებში ზოგადი განათლების დონის ამაღლება გახლავთ’’ – განგვიმარტეს საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა.
პირველ ლექციას უძღვებოდა სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრში მიწვეული ლექტორი მოზრდილთა რეანიმაციის სფეროში, ბატონი ვასილ ბალახაშვილი. დღის თემა გახლდათ პირველი დახმარების აღმოჩენის ზოგადი პრინციპები.
სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორმა საკმაოდ დადებითად შეაფასა საჯარო ლექციები და განაცხადა: ‘’ვინაიდან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ნაკლებად არის ინფორმილებული სამედიცინო, კონკრეტულად, პირველადი დახმარების აღმოჩენის კუთხით, საკმაოდ მისასალმებელია ის ფაქტი, რომ დავითიანნი ხელს უწყობს ახალგაზრდების ზოგადი განათლების დონის ამაღლებას. მიმაჩნია, საზოგადოების 90%-მა უნდა იცოდეს ის ელემენტარული საკითხი, რაც შეეხება სასწრაფოს მოსვლამდე დაზარალებული ადამიანის დახმარებას’’.
არ შეიძლება არ აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ძალიან ბევრი ხალხში მოარული ჰიპოთეზების, რომელსაც ხშირად მიმართავს ჩვენი საზოგადოება, დამსხვრევა მოხდა. ,,საზოგადოება არასწორადაა ინფორმირებული და უშვებს შეცდომებს, მათ არ იციან თუ როგორ უნდა მოიქცნენ სწორად დაზარალებულისთვის დახმარების აღმოჩენის დროს’’-აღნიშნა ბატონმა ვასილმა.
ლექტორის გამოსვლის შემდეგ საკმაოდ ინტერაქტიურად წარიმართა საღამო. სტუდენტებს მიეცათ საშუალება ბატონი ვასილისათვის დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები. ლექციის დასასრულს მოხდა ვიდეოს ჩვენება, სადაც უფრო თვალსაჩინოდ იყო წარმოდგენილი დღევანდელი დღის თემატიკა.
მომდევნო საჯარო ლექცია გაიმართება 26 ნოემბერს. მოწვეულია სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, რომელიც ისაუბრებს ეკონომიკაში სახელმწიფოს როლზე. დაინტერესებულ ახალგაზრდებს კი გელით კინოკლუბი ‘’მზესუმზირა’’, სადაც შემდეგი ლექცია ჩატარდება.
Comments are closed.