26 აპრილს დავითიანნთან არსებული კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის წევრები ვიმყოფებოდით კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სადაც საჩინოს მონასტერი მოვინახულეთ. ადგილზე შევისწავლეთ ტაძრის ამჟამინდელი მდგომარეობა, გავესაუბრეთ ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის წარმომადგენლებსაც. ვერაფრით ვერ გაგამხნევებთ, მდგომარეობა საგანგაშოა, მონასტერი შველას ითხოვს. XIV–XV საუკუნეების იშვიათ არქიტექტურულ ნაგებობას განადგურება ემუქრება.
რიყის ქვით, აგურითა და შირიმის ქვით ნაგები სწორკუთხოვანი ჯვრის ტიპის ტაძარი ტყით დაფარულ მაღალი მთის წვერზე მდებარეობს. მონასტერი ერთ-ერთ საუკეთესო ხუროთმოძღვრების ძეგლად ითვლება.
ამჟამად მთლიანადაა დანგრეული კარიბჭეები, ჩამოშლილია თითქმის სრულიად გუმბათი და კამარები, ასეთივე მდგომარეობაშია აბსიდის კონქი. ძალზე დაზიანებულია კედლებიც. ერთი შეხედვით მყარად აღმართულ საჩინოს მონასტერს მნიშვნელოვანი ზიანი აქვს მიყენებული.
უდავოა ის ფაქტი, რომ ტაძარს სასწრაფოდ ესაჭიროება რესტავრაცია. სწორედ ეს საკითხი აღელვებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასაც, რომელთა დახმარებითაც შევძელით მონასტრამდე მიღწევა და ამისათვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდით მათ.
პირველ რიგში, საკმაოდ რთულად მისასვლელი გზა საჭიროებს მოწესრიგებას. ეს ყოველივე იმდენადვე სწრაფად უნდა მოხდეს, რამდენადაც ტაძრის აღდგენის დაწყება, რადგანაც იშვიათი არქიტექტურული ნაგებობა სწრაფი დინამიკით განაგრძობს ნგრევას.
Comments are closed.