ხმაური აგრარული უნივერსიტეტის გარშემო
გასული კვირა საკმაოდ ხმაურიანი იყო. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში შევიდა საინიციატივო ჯგუფის წერილი, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების დარღვევის შესახებ.
ცენტრის მონიტორინგის სამსახურმა 2013 წლის 3 იანვრიდან 11 იანვრის ჩათვლით განახორციელა ვიზიტი საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, დაწესებულების მიერ ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პირობების შესრულების კანონმდებლობით განსაზღვრულ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. საკითხის სრულყოფილი გამოკვლევის, დაინტერესებული მხარის მიერ დაფიქსირებული პოზიციის შესწავლის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საბჭომ დაადგინა, რომ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში დარღვეული იყო ავტორიზაციის სტანდარტები და მიიღო ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება. რასაც სტუდენტების საპროტესტო აქციები მოყვა.
აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერება, საგანმანათლებლო სფეროს გასცდა და მწვავე პოლიტიკური შეფერილობა მიიღო. აგრარული უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა კახა ბენდუქიძემ ხელისუფლება პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა. ის უსამართლოდ მიიჩნევდა სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და შეცდომებს არ აღიარებდა.
გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ ბენდუქიძე აგრარული უნივერსიტეტის შეძენით, 280 მლნ დოლარად ღირებულ ქონებას 4 მილიონ დოლარად დაეუფლა. განათლების მინისტრი სტუდენტებს მოუწოდებს, არ გახდნენ ბენდუქიძის პოლიტიკური მძევლები.
ბოლო ინფორმაციით კახა ბენდუქიძე კანონმდებლობას დაემორჩილა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ დაშვებული შეცდომები მალე გამოსწორდება. გიორგი მარგველაშვილის ვარაუდით, აგრარული უნივერსიტეტი ავტორიზაციას დაახლოებით ორ-სამ კვირაში მიიღებს.
Comments are closed.