ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნი მწუხარებას გამოთქვამს თბილისში 13-14 ივნისს განვითარებული სამწუხარო მოვლენების გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვალებული თანამოქალაქეების ოჯახებსა და ახლობლებს. ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი და აცხონოს მათი სულები.
სტიქიის გამო მთელი ქვეყანა გლოვობს და განიცდის თავს დამტყდარ უბედურებას. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე დღეები გვაქვს, დავკარგეთ თანამოქალაქეები, განადგურდა დედაქალაქის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურა, პარალიზებულია დედაქალაქი და საქმიან ცხოვრებას ხელი შეეშალა, ადამიანებმა დაკარგეს ახლობლები, ბევრმა მოქალაქემ მიიღო დიდი ზარალი ავტომობილების თუ სახლების დაზიანების სახით, სამწუხარო რეალობიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა განადგურებულიყო ბევრი ჩვენი ქვეყნისთვის იშვიათი ჯიშის ცხოველი, რომლებიც ზოოპარკიდან გაიქცნენ და მოსახლეობისთვის ამ აფექტურ სიტუაციაში დამატებით საფრთხეს ქმნიდნენ. ეს ყველაფერი უდიდეს სევდას და ტკივილს იწვევს.
თუმცა, მეორეს მხრივ, ამ თავს დამტყდარი უბედურების შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა ალბათ თითოეული მოქალაქე სიამაყის გრძნობით აავსო, სევდა იმედმა და მებრძოლი სულის გაღვიძებამ შეცვალა, როდესაც ამხელა თანადგომის და ურთიერთგაგების დემონსტრირება მოვახდინეთ როგორც ქვეყნის, ერთმანეთის გასამხნევებლად, – ისე მსოფლიოს თვალში. ახალგაზრდებმაც, საშუალო ასაკისა და ხანში შესულმა მოქალაქეებმა თავი არ დაზოგეს სტიქიას მოყოლილ შედეგებს გამკლავებოდნენ. გვეამაყება თითოეული ახალგაზრდა და თანამოქალაქე. ბევრი ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია გვერდში დგომას გამოხატავს და დახმარებას აღგვითქვამს, ბიზნესები გრძნობენ სოციალურ პასუხისმგებლობას და ერთვებიან პრობლემის მოგვარების საკითხებში, სახელმწიფო უწყებები შესაბამისი მიმართულებით მუშაობენ 24 საათიანი რეჟიმის ფარგლებში. მეგობარი ქვეყნების თანამოქალაქეები გვამხნევებენ და გამოხატავენ თანაგრძნობას. ამ პერიოდში უპრეცედენტო მოვლენებს ჰქონდა ადგილი, ეს ყველაფერი, თითოეულ მოქალაქეში, სიამაყის და მომავლის იმედის განცდას იძლევა. დიახ, ჩვენ შეგვიძლია, მიუხედავად განსხვავებულობისა, ერთმანეთის სამაგალითო გვერდში დგომა. შესაბამისად, არ გვაქვს დრო უიმედობის და ნეგატივის, კრიტიკის, ცინიზმის, ნიშნის მოგების, პოლიტიკური სპეკულაციებისა და ქულების დაწერის, ვალდებულები ვართ ვიყოთ მხნედ, ვიგრძნოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, ვიყოთ შემართებით და ვიბრძოლოთ უკეთესი მომავლისთვის. დაე ეს ერთსულოვნების და იმედის განცდა, რომელიც ჩვენ ახლა უფრო მეტად გაგვიღვივდა, სწორედ იმ დაღუპულ თანამოქალაქეთა სულის საოხად ყოფილიყოს. მათ სახელზე არასდროს დავკარგოთ ერთმანეთის გვერდში დგომის, ჩვენი დედაქალაქისთვის, ჩვენი ქალაქებისა და ქვეყნისთვის ერთად დგომის, ურთიერთგაგების, ერთმანეთის გატანის, დათმენის და გამარჯვებაზე ორიენტირებულობის სურვილი.
ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრი მზადყოფნას გამოთქვამს საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ თანამოქალაქეს, რომელიც სტიქიით დაზარალდა უსასყიდლოდ გაუწიოს ფსიქოლოგიური დახმარება, ნებისმიერ დროს. ახლა მთავრობის ინიციატივით მიმდინარეობს მობილიზება დაზარალებულთა ფსიქოლოგიური დახმარებისათვის და აქაც აქტიურად ვიქნებით ჩართულები.
სიყვარულით ერთიანობას გისურვებთ.
Comments are closed.