როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“, უკვე მესამე კვირაა აქტიურად იღებს მონაწილეობას საყდრისის დასაცავად მიმართულ საზოგადოებრივ აქტიურობაში, რომელსაც საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი ხელმძღვანელობს.
დავითიანნის მხრიდან ამ განცხადების გაკეთების აუცილებლობა განაპირობა იმან, რომ მას შემდეგ რაც დაიწყო კარვების აქცია საყდრისში, ატყდა მითქმა-მოთქმა, აქციის დაფინანსებებთან და ფარულ მიზნებთან დაკავშირებით. ასევე, ის რომ პროცესები თითქოს არის მართული და ვიღაცის ინტერესებს ემსახურება. ვინაიდან, დავითიანნი მონაწილე იყო ამ პროცესებისა და ვინაიდან ჩვენთან უამრავი ახალგაზრდა დადის, მეგობრობს, ასევე ბევრ ახალგაზრდულ პროექტს ახორციელებს, თავი ვალდებულად ჩავთვალეთ განმარტება გაგვეკეთებინა და გაურკვეველი, მადისკრედიტირებელი კომენტარებისათვის გაგვეცა პასუხი. პროცესები დღიდან „საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის შექმნისა“, აბსოლუტურად იყო სპონტანურად მართული და გადაწყვეტილებებს ხმათა უმრავლესობით იღებდა კომიტეტი. ხშირად ადგილი ჰქონდა აზრთა სხვადასხვაობასაც და მცირე შიდა კონფლიქტებსაც, რაც მედია-საშუალებებმაც დააფიქსირეს და საზოგადოებამაც გაიგო ამის თაობაზე. ორგანიზებულები ნამდვილად ვიყავით, იმიტომ რომ გავერთიანდით სხვადასხვა ჯგუფები და შევძელით კონსოლიდაცია და კონცენტრირება. გავაძლიერეთ, ხელი შევუწყვეთ ერთმანეთის შესაძლებლობებს და მაქსიმალურად გამოვიყენეთ ხელთ არსებული რესურსები. ამიტომ, სხვადასხვა პიროვნებებსა და კომპანიებს ვთხოვთ თავი შეიკავონ ზოგად ნეგატიურ კონტექსტში კარვების აქციაზე საუბრისაგან და შეფასებების დროს კონკრეტული არგუმენტებით ლოგიკური, კვალიფიციური, ადექვატური და არა ისტერიული განმარტებები გააკეთონ. ყველას ვთხოვთ გაითვალისწინოს, რომ კარვების აქციის აქტივობა საყდრისში, აშკარად არის სამოქალაქო აქტიურობის გამოცოცხლების ჯანსაღი გამოძახილი, რომელმაც უკვე გამოღო დიდი შედეგი. საყდრისთან დაკავშირებული სამოქალაქო აქტივობის ასე ხელაღებით გაკიცხვა გაცილებით დიდი დანაშაულია, ვიდრე რომელიმე კანონისა თუ ნორმატიული აქტის დარღვევა. ამას აკვირდება საზოგადოება. ამიტომ, ამ მოვლენების შეფასებისას ყველას სიფრთხილისა და კეთილგონიერებისაკენ მოვუწოდებთ.
„დავითიანნი“ საყდრისის უძველესი ისტორიული მაღაროს ირგვლივ შექმნილი სიტუაციით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც რეალური საფრთხის წინაშე დადგა როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი მსოფლიოსათვის ღირსშესანიშნავი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობა. მის განსაკუთრებულობაზე, სწორედ საერთაშორისო დონის აღიარებული ექსპერტები და საერთაშორისო, ავტორიტეტული ინსტიტუციები მიუთითებდნენ, ქართულ მხარეს დაუყოვნებლივ ზომების მიღებასა და კეთილგონივრული ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდებდნენ. შესაბამისად, თემა საზოგადოებრივად აქტიური გახდა. ბრძოლა განსაკუთრებით გააქტიურდა და რადიკალური ფორმა მიიღო მას შემდეგ, რაც 13 მარტის დადგენილებით, კერძო კომპანიას ხსენებულ ტერიტორიაზე მადნის მომპოვებელი სამუშაოების წარმოების უფლება მიეცა და ძეგლის არსებობას რეალური საფრთხე დაემუქრა.
ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში შეიქმნა „საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი“, რომლის შექმნის მიზანიც ამ თემის ირგვლივ მომუშავე სხვადასხვა ჯგუფებისა თუ ადამიანების კონსოლიდირება იყო. კომიტეტმა გააჟღერა სამი კონკრეტული მოთხოვნა (ძეგლის ტერიტორიაზე ექსპერტების შეშვება და მონიტორინგი, კვალიფიციური საერთაშორისო დონის კვლევის ჩატარება, დასკვნის დადებამდე სამუშაოების გაჩერება), რომლების შეუსრულებლობის გამოც ისტორიული ძეგლის სიახლოვეს სამი კვირის განმავლობაში კარვების აქციის ორგანიზება დაიწყო.
კომიტეტის საშუალებით როგორც ქართულმა, ასევე საერთაშორისო საზოგადოებამ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღო კონკრეტულად საყდრისის თაობაზე, როგორც უმნიშვნელოვანეს ძეგლზე, რომელსაც შესაძლოა საქართველო ფლობდეს და რომელიც თითოეულმა ქართველმა უნდა შეინარჩუნოს. პროცესებში აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა დარგის ექსპერტები, მასალებს ამუშავებენ იურისტები, გამოხმაურებები დაიწყეს ემიგრანტებმა. საქმის კურსში ჩაყენებულია დიპლომატიური კორპუსი, რომელიც იზიარებს მოსაზრებას, რომ საკითხი საქართველოს ინტერესების სრული დაცვით უნდა გადაწყდეს. ელჩები ესტუმრნენ კარვების აქციას საყდრისში და შემდგომ თბილისშიც გაიმართა რიგი შეხვედრები დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ აქციის მონაწილეებთან ჩაბრძანდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მირიან ოდიშარიაც. შეხვედრამ საკმაოდ პროდუქტიულად ჩაიარა და ყველა მოთხოვნის შესრულებაზე იყო დაპირება.
საპროტესტო მოძრაობის დაწყებისთანავე გაცხადდა, რომ ეს იყო აპოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც სახელმწიფო ინტერესების დაცვის მოტივით მოქმედი ახალგაზრდები ედგნენ სათავეში. როგორც მოგეხსენებათ კარვებს უამრავი ადამიანი და ჯგუფი სტუმრობდა და სტუმრობს, იყო სხვადასხვა ინიციატივა, შემოთავაზებები, თუ როგორ უნდა გაეგრძელებინა კომიტეტს საქმიანობა. საბოლოო ჯამში, კომიტეტის საქმიანობა წარმატებით წარიმართა და ბოლომდე პოლიტიკურად ნეიტრალურ ძალად დარჩა. რაც შეეხება დაფინანსების თემას, ამის თაობაზე ინფორმაციას, ხარჯებისა და შემოწირულობების განპიროვნებულებით, მოგაწვდით დამატებით, როდესაც ყველა შემოწირული თანხა სრულად გაიწერება და დაანგარიშდება. საყდრისის გადასარჩენად, ყველასთვის კარი ღიაა. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაერთოს ამ მოძრაობაში, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა თუ სხვა დამოკიდებულებებისა და ვერც კომიტეტი ვერ აუკრძალავს ამას ვერავის, ვინაიდან საკითხი ეროვნულ ინტერესებს ეხება.
„დავითიანნი“ მიიჩნევს, რომ პროტესტის ამ ფაზამ შედეგი უკვე გამოიღო, რაც იმაში გამოიხატა, რომ საყდრისის ტერიტორიაზე უკვე 5 დღეა რაც სამუშაოები შეჩერებულია. საერთაშორისო ექსპერტები ჩამოდიან, მინისტრმა დადო პირობა, რომ ჩამოიყვანდა გერმანელ ექსპერტს, რომელიც თავად მონაწილეობდა საყდრისის გათხრებში და აქვს უმნიშვნელოვანესი მასალები. კომიტეტი დაპირებების ასრულების მოლოდინის რეჟიმშია. კარვების აქციის მიზანი გახლდათ საკითხს შეეძინა რეზონანსულობა, საზოგადოების ფართო ფენებისათვის გამხდარიყო მსჯელობისა და განხილვის საგანი. ეს მიზანი უკვე მიღწეულია. თუმცა, უპირველესი მაინც საყდრისთან დაკავშირებით საბოლოო კვალიფიცირებული დასკვნის დადებაა. კარვების აქციის პარალელურად საყდრისში შენდებოდა სათვალთვალო სიმბოლური კოშკურა და ამჟამად ძეგლზე მონიტორინგის ფუნქციას სწორედ ეს კოშკურა და იქ მორიგეობით დარჩენილი ახალგაზრდები შეასრულებენ. კოშკურაზე იგეგმება ვიდეოკამერის დაყენება და მაუწყებლობა 24 საათიან რეჟიმში გადაიცემა. ასეთი იყო კომიტეტის გადაწყვეტილება და ამის თაობაზე ცნობილი გახდა უკვე საზოგადოებისთვის.
აქვე დავძენთ, ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას, რომ ახლოვდება არჩევნები და არ გვსურს ახალგაზრდების გულწრფელი პატრიოტული გრძნობები რომელიმე პოლიტიკური მხარის მიერ ცუდად იქნას გამოყენებული. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, კულტურის სამინისტრო და მთლიანად მთავრობა გაითვალისწინებს უცხოელი სტრატეგიული პარტნიორების რჩევა-მოწოდებებს, შეასრულებს დადებულ პირობას და ჩაატარებს კვალიფიციურ კვლევას სანდო ექსპერტების მონაწილეობით და აღარ გახდება საჭირო პროტესტის დამატებითი რადიკალური ფორმების მიღება.
Comments are closed.