სამსახურის დაკარგვა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემაა, რომელიც ძალიან ხშირად გვხვდება საქართველოში, რაც, ერთის მხრივ, არასტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების შედეგია. დასაქმება პირდაპირ აისახება პიროვნების განწყობასა თუ მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე. რაც უფრო მეტი დასაქმებულია საზოგადოებაში, მით უფრო შემდგარია ის. დავითიანნის სოციოლოგიური კვლევების კომიტეტმა სწორედ ამ თემაზე ჩაატარა თვისებრივი კვლევა, რათა დაედგინა, თუ რატომ კარგავენ საქართველოში სამსახურს და რა მიზეზით. კვლევის მეთოდად გამოყენებულია ბიოგრაფიულ-ნარატიული ინტერვიუები, ინსტრუმენტად – ინტერვიუს სადისკუსიო გეგმა. კვლევის ფარგლებში ჩატარდა 15 ინტერვიუ. გამოსაკითხად შეირჩნენ რესპონდენტები, რომლებმაც ბოლო 2 წლის განმავლობაში დაკარგეს სამსახური საჯარო სფეროში. კვლევის ჰიპოთეზა მდგომარეობდა შემდეგში: საქართველოში სამსახურიდან აყვანა/გათავისუფლება ხდება პოლიტიკური ნიშნითა და ნეპოტიზმით.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აწ უკვე სამსახურდაკარგული რესპონდენტები თავის დროზე საჯარო სამსახურში მოხვდნენ ნაცნობების დახმარებითა და შუამდგომლობით. უმეტესობა მათგანს საერთოდ არ ჰქონდა შეხება და გამოცდილება ამ სფეროში. ისინი აცხადებენ, რომ მათ სამსახური დაკარგეს ზედა რგოლის შეცვლის შემდეგ. მათ ჩაუტარეს ტესტირება, რომელიც ახალი უფროსობის თქმით, ვერ გაიარეს და გამოუშვეს სამსახურიდან. ოფიციალურ მიზეზად დასახელებული იყო ტესტირების ვერ გავლა, ხოლო რეალური მიზეზი – ახალი კადრების ჩანაცვლება ზედა რგოლში. კითხვაზე, გააპროტესტეს თუ არა მათ აღნიშნული გადაწყვეტილება, აბსოლუტურმა უმრავლესობამ განაცხადა, რომ პროტესტს და ჩივილს აზრი არ აქვს. ისინი ახალი უფროსობის გადაწყვეტილებას და მათი სამსახურიდან გამოშვებას მიკერძოებულ ქმედებად მიიჩნევენ. საბოლოო დასკვნა არის შემდეგი: რესპონდენტები, რომლებიც თავად მოხვდნენ სამსახურში ნაცნობების დახმარებით, თავადვე აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ მათი სამსახურიდან გამოშვება იყო მიკერძოებული და ახალმა უფროსობამ თავისი კადრებით ჩაანაცვლა ისინი.
ახალგაზრდა სოციოლოგის, ირინე გოგიჩაიშვილის აზრით, რესპონდენტები რამოდენიმე წლის განმავლობაში მიჩვეულნი იყვნენ სამსახურიდან სარგებლის მიღებას, და უცბად ისინი აღმოჩნდნენ სულ სხვა რეალობის წინაშე. ეს მოვლენა აღმოჩნდა მათთვის ძალიან დიდი სტრესი, ამიტომაც ისინი იმ ფაქტს ვერ აღიქვამენ და უსამართლოდ მიიჩნევენ, რომ ახალმა უფროსობამ თავიანთი კადრები და ნაცნობები მოიყვანეს. ყველაზე მტკივნეული თემა არის ის, რომ საქართველოში ყველა პერიოდში სამსახურში მიღება/გათავისუფლება ხდება ნაცნობობით, მეგობრობით და ა.შ. ეს არის დიდი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი პრობლემა, რომელიც ზიანს აყენებს როგორც საზოგადოებას, ასევე სახელმწიფოს. ასეთმა ქმედებებმა შეიძლება მიგვიყვანოს პროფესიონალი კადრების საზღვარგარეთ გადინებამდე, რაც სავალალო შედეგს გამოიწვევს ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობისთვის.
მარიტა მერკვილაძე (დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრის ფსიქოლოგი):
“საქართველოში ნეპოტიზმი საკმაოდ გავრცელებული ფენომენია. ნეპოტიზმს საზოგადოების განვითარებისთვის ხშირად არასასურველი შედეგები მოაქვს. მათ შორის, არაკვალიფიციური კადრები, მოტივაციის დაქვეითება პროფესიული ზრდაში და სხვადასხვა დარგის განვითარების შეფერხება. ასეთ გარემოში, ბუნებრივია, ადამიანები ცდილობენ, მოძებნონ ნაცნობები სასურველ სფეროში და ასე მიიღონ სამუშაო ადგილი. ამასთან ადამიანები, რომელთაც ნაცნობის მოძებნის საშუალება არ აქვთ, იმედგაცრუებულნი რჩებიან და მიაჩნიათ, რომ აზრი არ აქვს სამსახურის სხვა გზებით ძებნას.“
დავითიანნის სოციოლოგიური კვლევების კომიტეტის კვლევა სწორედ ამ საკითხს ეხმაურება და განიხილავს ადამიანის ბუნებას, შეიფეროს მინიჭებული სტატუსი: ადამიანებს, რომლებიც თავად ნაცნობობით მოეწყვნენ სამუშაო ადგილზე ხშირად ავიწყდებათ განვლილი გზა და ამიტომ სხვების შემთხვევაში იმავე საშუალებებს აპროტესტებენ.
Comments are closed.