4 ნოემბერს დავითიანნის კინოკლუბ “მზესუმზირაში” ფილმის “გადაუხადე სხვას – Pay it forward” ჩვენება გაიმართა. საღამოზე ფსიქოლოგი ელენე აბულაძე იყო მოწვეული. მან ფილმში წამოჭრილი პრობლემები განიხილა და ასევე ის რეალურ სიტუაციებს შეადარა, და რამდენიმე მაგალითიც მოიყვანა ფსიქოლოგიიდან. გთავაზობთ ინტერვიუს:
პირველ რიგში, ორიოდე სიტყვით შეაფასეთ ფილმი
ძალიან მომწონს ეს ფილმი, არ არის ბანალური მელოდრამა, რომელსაც მხოლოდ ერთხელ უყურებ. ამ ფილმს ახლა მესამედ ვუყურე, და ყოველ ჯერზე ახალი დეტალები იქცევს ყურადღებას. ნამდვილად ღირს ამ ფილმის ნახვა.
როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო დედის და შვილის ურთიერთობა იდეალური რომ იყოს და ამ შემთხვევაში რა იყო ხელის შემშლელი ფაქტორი?
პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ვგიჟდები ამ ბავშვზე და მგონია, რომ მათ იმაზე მეტი შანსი ჰქონდათ, რომ ცუდი ურთიერთობა ჰქონოდათ, ვიდრე ქონდათ, რადგან ძალიან ბევრი წინააღმდეგობა იყო. რაც გამოკვეთილად ჩანს მათ ურთიერთობაში და არის ხელისშემშლელი, ეს არის ძალადობა ოჯახში და ალკოჰოლი, მაგრამ კიდევ ძალიან მნიშნელოვანია, რომ დედამისს არ აქვს დრო ამ ბავშვისთვის. არის მარტოხელა დედა, რომელიც მუშაობს და სურს, რომ მის შვილს ყველაფერი საუკეთესო გაუკეთოს, მაგრამ დროის უქონლობის გამო ვერ უთმობს მას დიდ დროს. ამ ყველა მიზეზის გამო, ჩემი აზრით მათ მაინც კარგი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთისადმი.
როცა ბავშვს უჩნდება ეს იდეა, რომ გახადოს სამყარო უკეთესი, როგორ გგონიათ განაპირობა თუ არა ეს დედის უკეთესობისკენ შეცვლის სურვილმა?
ალბათ კი, რა თქმა უნდა. ცოტა ხნის წინ ვკითხულობდი ბავშვის განვითარების შესახებ და ეს ბავშვი რა ასაკშიც არის,11 წლის ეს არის სწორედ ის ასაკი, როცა ბავშვს უჩნდება სურვილი დააკვირდეს თავის და მის გარეშე მყოფი ადამიანების ურთიერთობებს.ამ დროს აკეთებენ პატარა ექსპერიმენტებს, შეუძლიათ თუ არა რამის შეცვლა. მათი ასაკისთვის ეს მცდელობა დამახასიათებელია. და რეჟისორმაც სწორედ იმიტომ შეარჩია ეს ასაკი ამ პერსონაჟისთვის. რა თქმა უნდა ბავშვი ირჩევს თავისთვის ყველაზე მნიშვნელოვანს, დედას, მეგობრებს, მასწავლებელს, რომ მათთვის რამე გააკეთოს, რადგან ისინი წარმოადგენენ ბავშვისთვის ყველაზე ახლოს მყოფ სამყაროს ნაწილს. ის ვერც წარმოიდგენდა მისი იდეა ასე შორს თუ წავიდოდა და ამას ამბობს კიდეც.
ბავშვის დედა ფილმის ერთ–ერთი მთავარი გმირია, თქვენი აზრით რატომ ვერ თმობდა ის ყოფილ ქმარს და რატომ არ გაწყვიტა საბოლოოდ მასთან ურთერთობა, როცა ყოველი შერიგების მცდელობა კრახით სრულდებოდა?
ეს თემა არის ჩემთვის ყველაზე საინტერესო და ყველაზე დამაბნეველი, იმიტომ რომ მართლაც პარადოქსია, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალბატონები სასწაულებრივად ეჯაჭვებიან თავიანთ ქმრებს და მთელი ცხოვრება რჩებიან ასეთ სიტუაციაში. რა თქმა უნდა ეს არც მისთვის არის სასიამოვნო. ეს თემა ნაკვლევია ძალიან ბევრ ქვეყანაში და არსებობს რამდენიმე თეორია. როგორც წესი ეს ქალები თავს იმართლებენ შემდეგი მიზეზებით, რომ უყვართ ის ადამიანი, რომელიც მათ აყენებთ ტკივილს, ან შვილის გამო მიდიან ამ მსხვერპლზე, საზოგადოების აზრის გავლენას, ან სარწმუნოებით ამართლებენ თავიანთ ამ ქცევას. თუმცა მეცნიერებმა სხვა მიმართულებით გამოიკვლიეს, ისინი დაინტერესდნენ რეალურად რა ხდება ამ დროს. და არის ერთი თეორია, რომელიც უფრო ქიმიურად ხსნის ამ მოვლენას. ამ თეორიის მიხედვით, როცა ორი ადამიანი დიდხანს რჩება ერთად, განსაკუთრებით ურთიერთობის დასაწყისში, როცა ყველაფერი იდეალურადაა, ადამიანის ორგანიზმში გამოიყოფა ოქსიტოცინი, რომელიც ადამიანებს ძალიან აჯაჭვებს ერთმანეთზე. და ამ ჰორმონს ახლავს აკუმულაციური თვისება, ის უსასრულოდ გროვდება და ადამიანისთვის შეუძლებელი ხდება მეორე ადამიანის გარეშე გაძლება. დაშორებიდან 3 დღის შემდეგ იწყება ძალიან დიდი მოთხოვნილება იმ ადამიანთან დაბრუნების და ეს სურვილი იმდენად დიდია, ჰეროინზე დამოკიდებულებასაც ადარებენ. იყო მეორე თეორიაც, როცა ქალი არის ძალადობის მსხვერპლი, მას აქვს ტრამვა აქვს ასევე მიჯაჭვულობა. მაგრამ ეს მიჯაჭვულობა ხანდახან იღებს პათოლოგიურ ხასიათს, ისე როგორც არის ამ ფილმის შემთხვევაში. ტრამვის შედეგად ამ ქალს უვითარდება მიჯაჭვულობა.
როდის მიდის ადამიანი იმ აზრამდე, რომ მიჯაჭვულობა მისთვის მავნებელია, თუნდაც ალკოჰოლზე ან ნარკოტიკზე დამოკიდებულების შემთხვევაში? როდის ხვდება ის, რომ მისთვის ეს დამოკიდებულება მავნებელია?
ამის გაანალიზება ხდება მაშინ, როცა ადამიანი ხვდება, რომ მისი საქციელი არა მარტო მას, არამედ მის გარშემომყოფებს და მის საყვარელ ადამიანებს აზიანებს და ვნებს. ხვდება, მაგრამ ნივთიერების გავლენა მაინც ძალიან დიდია. თუმცა როგორც ამ ფილმშია ნანახი, ამ ქალმა დაძლია ეს წინააღმდეგობა. არ ვიცით როგორ გაგრძელდა ამ ქალის ცხოვრება მომავალში, მაგრამ ამ ფილმში მან ალკოჰოლზე დამოკიდებულება დაძლია.
ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, პრაქტიკაში ძირითადად ის კვლავ მოძალადედ იზრდება, თუმცა ამ ფილმში გვაქვს 2 შემთხვევა, ბავშვი და მისი მასწავლებელი. როგორ გგონიათ, პრაქტიკაში შეიძლება თუ არა, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი აღიზარდოს მისი მშობლებისგან რადიკალურად განსხვავებულ ადამიანად?
ჯერ არ ვიცით, ბავშვი ვის დაემსგავსებოდა მომავალში, ის მხოლოდ 12 წლის იყო. რეჟისორმაც სწორედ იმიტომ შეარჩია ეს პერიოდი, რომ 6 დან 12 წლამდე ასაკი არის ყველაზე მშვიდი პერიოდი. უკვე ამის შემდეგ იწყება გარდატეხის ასაკი და ამბოხების პერიოდი. ამიტომ არ ვიცით ჩვენ, რა იქნებოდა მომავალში. თუმცა ამ ბავშვში ჩანს ბევრი პოზიტივი, ის ძალიან დაფიქრებულია და ჭკვიანია. ასევე ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო მისი მასწავლებელი, ის ხედავდა როგორ ცემდა მამამისი დედას, და საბოლოოდ მამამ ძალიან ცუდი რამ გაუკეთა. ის არის ერთერთი მაგალითი, როგორ შეიძლება გამოხვიდე ამ ჩაკეტილი მანკიერი წრიდან. თუმცა არც ის არ არის ბედნიერი. ხშირ შემთხვევაში, ოჯახური ძალადობის მსხვერპლებს ძალიან უჭირთ, იყვნენ ბედნიერები. ისინი ხდებიან ჩაკეტილები, არ სურთ მიიღონ სიახლეები თავიანთ ცხოვრებაში და იყნვნენ ნაჭუჭში ჩაკეტილები. არის მეორე შემთხვევაც, როცა ხდებიან მოძალადეები თავისდაუნებურად, რადგან ახსოვთ და ნასწავლი აქვთ ბავშვობიდან. ამ ფილმშიც არის ეს შემთხვევა, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო ბავშვის დედაც, რომელსაც არ უნდოდა თავისი შვილის ცემა, თუმცა თავი ვერ გააკონტროლა და გაარტყა, თუმცა ძალიან განიცადა.
რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ იმ ძალადობას თავი დააღწიოს, აღარ იყოს მისი მსხვერპლი და ნორმალურად იცხოვროს?
არსებობს სპეციალური თერაპიები ბავშვებისთვის, ჩარევა თუ მოხდება ადრეულ ასაკში, დადებით შედეგს ვიღებთ. პირველ რიგში უნდა გავარიდოთ სიტუაციიდან, და შემდეგ ხდება მათი თერაპია. რაც შეეხება დიდ ასაკში, ამ შემთხვევაში უკვე შენს თავზე უნდა იმუშავო. ჯერ ეს ყველაფერი უნდა მიიღო და არ დამალო და შემდეგ შეეცადო, რომ განვითარდე.
საკვანძო ფრაზა, რომელზეც შემდეგ ფილმია აგებული, არის Think of an idea, to change the world and put it into action. ანუ იფიქრე იდეაზე, როგორ შეცვალო სამყარო და აამოქმედე. თქვენი აზრით, რა ჭირდება ადამიანს, რომ შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ, მოტივაცია, თავდაჯერებულობა, სურვილი, რომ იცხოვროს უკეთესად თუ სხვა რამ?
ალბათ პირველ რიგში უნდა გქონდეს პატარა მაგალითი, გამოცდილება ან შენს საკუთარ ცხოვრებაში, ან სხვისი, რომ გჯეროდეს რომ შენი მცდელობა შედეგს გამოიღებს. ძალიან საინტერესო მომენტია ამ ფილმში, როცა ბავშვი ეკითხება მასწავლებელს, თქვენ როგორ ცვლით სამყაროსო?! მასწავლებელი კი პასუხობს, აქ რომ მოვდივარ და გასწავლი ეს არის ჩემი საქმეო. ამით ის ამბობს, რომ ამ გზით ცვლის სამყაროს. ყველას თავისი გზა აქვს, რომ შეცვალოს სამყარო.
Comments are closed.